თურქეთი - აზერბაიჯანი

ყარაბაღში დაპირისპირების გამო თურქეთი სომხეთს აკრიტიკებს, მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს

aawsat.com

მთიანი ყარაბაღის რეგიონში სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების გამო თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთი და მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სომეხ ხალხს მოუწოდა, წინ აღუდგნენ ლიდერებს, რომლებიც ცდილობენ, ისინი "კატასტროფაში ჩაითრიონ". ერდოღანმა სოლიდარობა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

"სომხეთმა, რომელმაც აზერბაიჯანზე თავის თავდასხმებს კიდევ ერთი შემატა, კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ის რეგიონში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისათვის". - თქვა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დაძაბულობას მთიანი ყარაბაღის რეგიონში სათანადო საერთაშორისო გამოხმაურება არ მოჰყოლია.

თურქეთმა მსოფლიოს აზერბაიჯანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მტრული მოქმედებები აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაპირისპირებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. საქართველო კი მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

27 სექტემბერს, დილით მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბახის რეგიონში მდგომარეობის გამწვავების გამო სომხეთში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული მთავრობის პრეზიდენტმა არაიკ არუტიუნიანმაც.

 

კომენტარები