კორონავირუსი საქართველოში

ახალი კორონავირუსით საქართველოში 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი, 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე StopCov.ge მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ვირუსით გარდაცვალების მე-8 შემთხვევაა. 

54 წლის კაცი ბათუმში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს, 15:45-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მისი დიაგნოზი სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80%-იანი დაზიანება იყო. ის რეანიმაციაში მოათავსეს. 

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდუკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვის უკმარისობა, გულის უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 25 სექტემბერს 10:00 საათზე". – წერია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ის ახალი რეკორდული მაჩვენებელი - 265 შემთხვევა აღირიცხა. შემთხვევების დიდი წილი კვლავ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე მოდის, სადაც 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, თბილისში კი – 43. დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 759 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები