ბელარუსი

მინსკში ოპოზიციონერი ლიდერის, მარია კოლესნიკოვას ადვოკატი დააკავეს

ლუდმილა კაზაკი
Reuters

მინსკში ოპოზიციონერი ლიდერის, მარია კოლესნიკოვას ადვოკატი, ლუდმილა კაზაკი დააკავეს ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის. ინფორმაცია ამის შესახებ TACC-ს ბელარუსის პოლიციამ მიაწოდა.

მანამდე ადვოკატთან კავშირი 24 სექტემბერს, დღისით შეწყდა. ლუდმილა კაზაკი არ გამოცხადდა სასამართლოში და მისი ქმარი პოლიციაში ადამიანის გატაცების შესახებ აპირებდა განცხადების შეტანას.

17 სექტემბერს კოლესნიკოვას ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ქმედებისათვის ბრალი წარუდგინეს. მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურას არ დაუკონკრეტებია, კოლესნიკოვას კერძოდ რომელი ქმედება მიიჩნიეს სისხლის სამართლის 361-ე მუხლის დარღვევად.

თავად კოლესნიკოვა ამბობს, რომ ბელარუსის უშიშროების სამსახურებმა მისი ქვეყნიდან დეპორტირება სცადეს, КГБ-ს ოფიცრებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მოკვლით დაემუქრნენ.

კოლესნიკოვა და ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორი წევრი 7 სექტემბერს გაუჩინარდნენ. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანები კოლესნიკოვასთან მივიდნენ, შემდეგ კი კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც ეწერა "Связь". მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის კვეთის დროს დააპატიმრეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია კოლსენიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო.

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი გახდა. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ, ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიქტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავს ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვიქტორ ბაბარიკო ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

კომენტარები