Facebook

Facebook-მა ყალბი რუსული ქსელები გამოავლინა, რომელთა სამიზნეს საქართველოც წარმოადგენდა

thedailybeast

24 სექტემბერს Facebook-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამო ანგარიშების სამი სხვადასხვა ქსელი წაშალა. ეს ანგარიშები არღვევდა Facebook-ის წესებს საგარეო ან სამთავრობო ჩარევის თაობაზე. მათი წყარო რუსეთია.

სულ წაიშალა 214 მომხმარებლის ანგარიში, 35 გვერდი, 18 ჯგუფი და Instagram-ის 34 ანგარიში. მათ ძირითად ფოკუსს წარმოადგენდა სირია, უკრაინა, თურქეთი, იაპონია, სომხეთი, საქართველო, ბელარუსი და მოლდოვა. ასევე მცირე დოზით დიდი ბრიტანეთი და აშშ.

ერთ-ერთი ქსელის ყალბი ანგარიშები თავს ჟურნალისტებად ან ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში მოგონილ პირებად ასაღებდნენ და ჯგუფების და გვერდების საშუალებით ცდილობდნენ მიეზიდათ ხალხი საკუთარ ვებგვერდებზე. რამდენიმე ენაზე, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად და არაბულად ისინი წერდნენ სირიის ომზე, თურქეთის შიდა პოლიტიკაზე, ნატოზე, უკრაინის კონფლიქტზე და, ასევე, პოლიტიკაზე საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და აშშ-ში.

მაშინ, როდესაც Facebook-მა ეს ქსელები წაშალა, ანგარიშებს 8 500-მდე მიმდევარი, ჯგუფებს კი 9 500-მდე წევრი ჰყავდა. 7 500 გამომწერი იყო Instagram-ის ანგარიშებზე. მათ $60-მდე ჰქონდათ დახარჯული Facebook-ზე რეკლამის განთავსებაში, როგორც აშშ დოლარში, ასევე რუბლებში. Facebook-ის გამოძიებამ შეძლო ამ ქსელების დაკავშირება რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან.

მეორე ქსელის შემთხვევაში, კომპანიამ გამოავლინა კიდევ ერთი გვერდი, United World International, 5 ყალბი ანგარიში, ერთი ჯგუფი და Instagram-ის 3 ანგარიში, რომელიც უცხოური მთავრობის სასარგებლოდ კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის ნიშნებს ავლენდა. ეს ქსელიც რუსეთიდან მოდიოდა და სამიზნეს ძირითადად თურქეთი, ევროპა და აშშ წარმოადგენდა. ისინი თურქეთში, აშშ-სა და კანადაში თავს აჩვენებდნენ ადგილობრივებად და აჰყავდათ ხალხი მათ ვებგვერდებზე საწერად. სამიზნე ქვეყნებზე სტატიები ძირითადად ინგლისურად და თურქულად იწერებოდა. თემები მოიცავდა ადგილობრივ არჩევნებს, შეთქმულების თეორიებს, აშშ-ს სანქციების კრიტიკას, კორონავირუსის პანდემიას და ა.შ. ევროსა და რუბლში მათ რეკლამაზე 4 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ჰქონდათ დახარჯული. Facebook-ზე მათ 4 900, ხოლო Instagram-ზე 5 600 გამომწერი ჰყავდათ. Facebook-მა დაადგინა ამ ყალბი ანგარიშების კავშირი რუსულ ინტერნეტის კვლევის სააგენტოსთან, ტროლების ფერმასთან, რომელიც ცნობილია 2016 წლის აშშ-ს არჩევნებში ჩარევით.

მესამე ქსელი ანგარიშები, 23 ანგარიში Facebook-ზე, 8 Instagram-ზე, ასევე 6 Facebook გვერდი, რომლებსაც 59 000-მდე გამომწერი და Instagram-ზე 2 000-მდე მიმდევარი ჰყავდა რეკლამებში 10 000 დოლარს ხარჯავდა, ძირითადად რუბლში. ეს ქსელიც რუსულია და სამიზნე აუდიტორიას რუსეთის მეზობელი ქვეყნები წარმოადგენდნენ. ქსელი 2019 წლის ივლისში დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოავლინეს. მათ მიზანსაც მომხმარებლების საკუთარ ვებგვერდებზე გადაყვანა წარმოადგენდა, სადაც თავს დამოუკიდებელ ჟურნალისტებად ასაღებდნენ და წერდნენ რუსულ და ინგლისურ ენებზე ისეთ თემებზე, როგორებიცაა რუსეთის ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის და ნატოს ურთიერთობა, ბელარუსი, უკრაინა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კრიტიკა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აშშ-ში, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატები და ა.შ. ეს ყალბი ანგარიშები რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს უკავშირდება.

კომენტარები