დისტანციური სწავლება

ჩხენკელი: თუ მშობელს სურს, ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ამის საშუალება ექნებათ

საქართველოს მთავრობა

1-ელი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შეუძლიათ, დისტანციური სწავლება აირჩიონ.

"თუ მშობელს და ოჯახს აქვს გადაწყვეტილება, რომ მას ურჩევნია, ბავშვმა გააგრძელოს სწავლა დისტანციურ ფორმატში, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.  

სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს, ისინი დარეგისტრირდებიან, თუ გადაწყვიტეს, რომ ბავშვს სურს გააგრძელოს სწავლის პროცესი დისტანციურად და ეს უზრუნველყოფილი იქნება." - თქვა ჩხენკელმა. 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 1-ელი ოქტომბრიდან ფოთსა და გორში სწავლას ყველა კლასის მოსწავლე საკლასო ოთახში გააგრძელებს. 

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, მიხეილ ჩხენკელი ამბობს, რომ სწავლა ამ ეტაპზე დისტანციურად გაგრძელდება. 

საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო დიდ ქალაქებში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო და სწავლა დისტანციურად განახლდა.

კომენტარები