კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: როცა კორონავირუსის ტესტის პასუხს ველოდებით, სამსახურში არ უნდა გავიდეთ

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როცა კორონავირუსის ტესტზე პასუხს მოქალაქეები 2-3 დღის განმავლობაში ელოდებოდნენ. ამის მიზეზი გაბუნიას თქმით, ტესტების დიდი რაოდენობა, ზოგ შემთხვევაში კი მასალის აღების ხარვეზი იყო. 

"იყო გარკვეული გადავადება ტესტის პასუხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რადგან ბოლო პერიოდში ტესტების რაოდენობამ 10 ათასს და 12 ათასს გადააჭარბა. რაც იყო იმაზე მეტი, ვიდრე ლაბორატორიებს შეეძლოთ 24 საათის განმავლობაში შეესრულებინათ. ჩვენი სისტემა 24 საათის განმავლობაში პასუხის დაბრუნების რეჟიმზე იყო, ბევრი ქვეყანა ამ მაჩვენებს ვერ აღწერს. ბოლო პერიოდში იყო ჯგუფები, როდესაც გახანგრძლივებული დრო დაგვჭირდა - 2-3 და 4 დღე. ბევრი ქვეყანა 24 საათიან მაჩვენებელს ვერ აღწევს და 3-4 დღე სჭირდება PCR პასუხის დაბრუნებას.

ტესტის პასუხის გვიან დაბრუნება ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებული იყო მასალის აღების ხარვეზთან, ეს ხარვეზები სისტემურად ცნობილია. მუდმივად მიდის მუშაობა, რომ ხარვეზები იქნას გამოვლენილი და პასუხგაცემული". – ამბობს გაბუნია. 

მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებს მოუწოდა, სანამ ტესტის პასუხის მოლოდინში არიან, სამსახურში არ იარონ. 

"როდესაც კორონავირუსზე ტესტის პასუხი არის დაყოვნებით, პასუხის მოლოდინში სამსახურში არ უნდა იარონ. ვიდრე პასუხს არ გაიგებენ მანამდე თავი უნდა შეიკავონ სამსახურში სიარულისგან". –ამბობს გაბუნია. 

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი, გარდაიცვალა 2. 

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები