კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის კაცია, ის ბათუმის ცხელების ცენტრში მკურნალობდა

AA Photo

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი აჭარაში, ბათუმში გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 76 წლის კაცი ბათუმის ცხელების ცენტრში მკურნალობდა.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ19". – ამბობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში COVID-19-ით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. 

სულ საქართველოში კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 643 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები