აშშ-ს არჩევნები 2020

სინდი მაკკეინმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი ჯო ბაიდენს დაუჭირა

სინდი მაკკეინი და ჯონ მაკკეინი

ამერიკელმა ბიზნესმენმა, რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის ქვრივმა, სინდი მაკკეინმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დემოკრატიული პარტიის კანდიდტს, ჯო ბაიდენს დაუჭირა. 

"ჩემი მეუღლე, ჯონი ცხოვრობდა პრინციპით: ქვეყანა უპირველესია. დიახ, ჩვენ რესპუბლიკელები ვართ, მაგრამ პირველ რიგში ამერიკელები. ამ ბრძოლაში ერთადერთი კანდიდატია, რომელიც შეეფერება ჩვენი, როგორც ქვეყნის ღირებულებებს და ეს ჯო ბაიდენია". – დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

"მე და ჯო ყოველთვის არ ვთანხმდებით საკითხებზე და ვიცი, რომ მას და ჯონს მგზნებარე დებატები ჰქონიათ, მაგრამ ის კარგი და პატიოსანი ადამიანია. ის ღირსეულად გაგვიძღვება. ის იქნება მთავარსარდალი, რომელზე დაყრდნობაც შეეძლება მსოფლიოს ისტორიაში საუკეთესო საბრძოლო ძალას, იმიტომ რომ მან იცის როგორია შვილის ბრძოლაში გაშვება". – თქვა სინდი მაკეინმა.

ჯონ მაკკეინის და ჯო ბაიდენის ოჯახებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. დონალდ ტრამპი კი 2016 წლიდან მაკკეინს აქტიურად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ სენატორი მის ყველა ინიციატივას არ უჭერდა მხარს. მაგალითისათვის, ობამას მიერ შემოღებული ჯანდაცვის რეფორმის გაუქმებას. კამპანიის დროს ტრამპმა თქვა, რომ მაკკეინს ომის გმირად იმიტომ მიიჩნევდნენ, რომ ტყვედ ჩავარდა, მას კი ისეთი ხალხი მოსწონდა, ვინც ტყვედ არ ჩავარდნილა.

"ის დამარცხდა და იმედები გაგვიცრუა. ამის შემდეგ ის არასდროს მომწონდა. არ მომწონს დამარცხებულები". – თქვა ტრამპმა.

ტრამპის ეს განცხადება გააკრიტიკა ჯო ბაიდენმა და თქვა, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ომის გმირებს, როგორებიც მაკკეინი და მისი შვილი, ბიუ ბაიდენი იყვნენ, დასცინის და დამარცხებულს უწოდებს.

ჯონ მაკკეინს ტრამპისთვის მხარი არც 2016 წლის არჩევნებზე დაუჭერია, მიზეზად კი ტრამპის მიერ ქალების მისამართით დამამცირებელი კომენტარები დაასახელა, თუმცა მას არც ტრამპის ოპონენტის, ჰილარი კლინტონის მხარდაჭერა გამოუხატავს.

ჯონ მაკკეინი 2018 წლის 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. 3 წლით ადრე ამ დიაგნოზით ჯო ბაიდენის შვილი, ბიუ ბაიდენი გარდაიცვალა.

2020 წლის არჩევნებში ჯო ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა არაერთმა რესპუბლიკელმა, მათ შორის არის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი.

კომენტარები