COVID 19

ვინ მიიღებს პირველი კორონავირუსის ვაქცინას?

www.nature.com

ამ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულმა სათათბირო გუნდმა შეიმუშავა ვაქცინის გლობალური განაწილების წინასწარი  რეკომენდაციები და ამოიცნო ჯგუფები, რომლებსაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს. მსგავსი გეგმა გასულ თვეში გამოაქვეყნა აშშ-ს მეცნიერებათა, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამაც (NASEM). 

ჯანმოს რეკომენდაციაში, ამ ეტაპზე, ჩამოთვლილია ჯგუფები, რომლებსაც ვაქცინაზე პრიორიტეტული წვდომა უნდა ჰქონდეს, ხოლო NASEM-ის გაიდლაინში შეფასებულია, თუ ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა ამ პრიორიტეტულ ჯგუფებიდან პირველ რიგში. 

ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულების შემდეგ პირველები, ვინც ვაქცინას მიიღებენ NASEM-ის გეგმის თანახმად, არიან მოხუცები, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ცხოვრობენ, ინდივიდები, რომლებსაც რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, როგორებიცაა გულის იშემიური დაავადებები და დიაბეტი, რაც მათ უფრო სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. 

გეგმა უპირატესობას ანიჭებს არსებითად მნიშვნელოვან ინდუსტრიებში დასაქმებულ ხალხს, როგორებიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები, რადგან მათ სამსახური აიძულებს კონტაქტი ჰქონდეთ ბევრ ადამიანთან. ასევე, ადამიანები, რომლებიც ხალხმრავალ გარემოში არიან - როგორებიცაა უსახლკაროთა თავშესაფრები და ციხე. 

ვაქცინის განაწილების NASEM-ის მრავალსაფეხურიანი მიდგომა: 

ფაზა 1: ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები. 

ფაზა 2: ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და მოხუცები, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ცხოვრობენ. 

ფაზა 3: საბაზისო, არსებითად მნიშვნელოვანი სერვისის სფეროში დასაქმებულები, რომლებიც ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ არიან, მასწავლებლები და სკოლის თანამშრომლები, უსახლკაროთა თავშესაფრები და ციხეები.
 
ფაზა 4: მოზარდები და ბავშვები, რომლებიც ექსპოზიციის მაღალი რისკის ქვეშ არიან. 

ფაზა 5: ყველა დანარჩენი მაცხოვრებელი. 

ბევრ ქვეყანას აქვს ვაქცინის განაწილების ზოგადი გეგმა, მაგრამ ის მორგებულია გრიპის პანდემიაზე და არა ახალ კორონავირუსზე. როგორც წესი, ეს გეგმა უპირატესობას ანიჭებს ბავშვებს და ორსულ ქალებს; ამისგან განსხვავებით, ვინაიდან კორონავირუსი ნაკლებ მომაკვდინებელია ბავშვებისთვის, ვიდრე გრიპის ვირუსი, რეკომენდაციის თანახმად, ბავშვების აცრა გეგმის ბოლო ფაზებშია გათვალისწინებული. 

ჯანმოს სათათბირო გუნდი გააგრძელებს რეკომენდაციის განახლებას, ჯერ შეაფასებს პრიორიტეტულ ჯგუფებს და შემდეგ გაითვალისწინებს აცრების კვლევების რეალურ მონაცემებს, მაგალითად, რამდენად ეფექტურია ვაქცინა მოხუცებში. მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაცია ხელმისაწვდომია ჯანმოს წევრი ყველა ქვეყნისთვის, ისინი არ არიან ვალდებულები, რომ მისი მიხედვით იმოქმედონ. 

 

კომენტარები