საჩხერე

ვაშაძე: თუ საჩხერე განვითარების მოდელია, მათ პირობებში ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს

"საჩხერე არის საქართველოს განვითარების მოდელი, მაშინ მათი ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოს პერსპექტივა არ აქვს". – ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ "საჩხერე არის მოდელი, როგორი საქართველო გვინდა." 

"ეს არის ქებაი და დიდებაი საკუთარი ბოსისა და მეტი არაფერი". – ამბობს ვაშაძე. 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის ინფორმაციით, საჩხერეში მოსახლეობის 14.7% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

"კატასტროფულ ზღვარზეა უმუშევრობა და სოციალური პრობლემები. თუ შევადარებთ ზესტაფონს იგივე კრიტერიუმით, ოდნავ ნაკლებია - 12.2%, თერჯოლა-5%, სამტრედია-9% და ტყიბული-9.50%. ანუ, პირიქით, საჩხერეში არის უფრო მეტი მშიერი ადამიანი, ვიდრე საქართველოს სხვა რაიონებში". – ამბობს ის.

ხალხნო, გამოვფხიზლდეთ და ამ ადამიანებს კარგად შევხედოთ, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარა, კორუმპირებული თაღლითები, რომელთა ერთადერთი მიზანია ქვეყნის სათავეში ყოფნა და აბსოლუტურად შორს არიან იმ პრობლემებისგან, რომელიც ქართველ ხალხს აწუხებს. გახარიას ვთავაზობ, რომელიც გაურბის დებატებს და დღემდე პასუხი არ მაქვს, წავიდეს საჩხერეში ნებისმიერი პენსიონერის ოჯახში და ნახავს რა სიღარიბეა საჩხერეში, ახალგაზრდები პერსპექტივას საკუთარ რაიონში ვერ ხედავენ და ერთადერთი გზა აქვთ, რომ უცხოეთში წავიდნენ. წავიდეთ უმუშევრად დარჩენილი საშუალო ასაკის ადამიანების ოჯახში, რომლებიც გეტყვიან, რომ უკიდურესად მწვავეა სოციალური პრობლემები საჩხერეში, მაგრამ თქვენ ხალხთან სიარულის გეშინიათ, თქვენ გიყვართ მხოლოდ და მხოლოდ ფეშენებელურად დადგმული, ხელოვნურად შექმნილი კომუნისტურ სტილში საპრეზენტაციო სივრცეები, სადაც ესაუბრებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მიერ კონტროლირებად აქტივისტებს". – ამბობს ვაშაძე. 

გიორგი გახარიამ საჩხერეში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის წარდგენისას თქვა, რომ საჩხერე მოდელია, "როგორი საქართველო გვინდა" და, მისივე სიტყვებით, ამაში პირდაპირი წვლილი ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის. 

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს". – თქვა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები