ბელარუსი

Reuters: ლიტვა, პოლონეთი და რუმინეთი ევროკავშირს ბელარუსის მხარდაჭერის პაკეტს შესთავაზებს

Reuters-ის ინფორმაციით, ლიტვის, პოლონეთისა და რუმინეთის პრეზიდენტები ევროკავშირს წარუდგენენ ბელარუსის მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

მათი ინიციატივით, თუ ბელარუსში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, ევროკავშირმა ქვეყანას უვიზო მიმოსვლა, სახარბიელო სავაჭრო შეთანხმებები, რეფორმებისათვის ფინანსური მხარდაჭერა, ენერგო სექტორის დივერსიფიკაციაში დახმარება და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებებში მხარდაჭერა უნდა შესთავაზოს.

ლიტვის პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ შეთავაზება ძალაში იქნება მხოლოდ ახალი, დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან.

"თუ ბელარუსის მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში უნდა გატარდეს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რათა შეიქმნას დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც ადამიანის უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას დაიცავენ - ჩვენ ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით დავეხმარებით". – ნათქვამია ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებაში.

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, კი მათ სურთ ევროკავშირმა ბელარუსს ფინანსური დახმარების სახით სულ მცირე 1 მილიარდი ევრო გამოუყოს.

ევროკავშირის ლიდერები შეხვედრებს ბრიუსელში მიმდინარე კვირის ბოლოს გამართავენ და ბელარუსის საკითხიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს განიხილება. ევროკავშირის ქვეყნებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება სანქციების დაწესებაზე, თუმცა კონკრეტული სანქციები ჯერ არ გამოცხადებულა.

ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები და მომიტინგეების დაკავება კვლავ გრძელდება.  აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

კომენტარები