Ig Nobel

პუტინმა და ლუკაშენკომ სამედიცინო განათლების დარგში Ig Nobel, სატირული ნობელის ჯილდო მიიღეს

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო
Reuters

ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო მსოფლიოს რვა ლიდერს შორის არიან, რომლებმაც Ig Nobel, სატირული ნობელის ჯილდო სამედიცინო განათლების სფეროში კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის მიიღეს.

ნობელის ჯილდოს სატირული ვერსიის გამარჯვებულებს ყოველწლიურად ჰარვარდის უნივერსიტეტში აცხადებენ. პანდემიის გამო წელს ცერემონია ონლაინ გაიმართა.

სამედიცინო განათლების დარგში ჯილდო გაიცა "COVID-19-ის ვირუსული პანდემიის საშუალებით მსოფლიოსთვის იმის სწავლებისთვის, რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ადამიანების სიკვდილ-სიცოცხლეზე უფრო პირდაპირი გავლენა იქონიონ, ვიდრე მეცნიერებმა და ექიმებმა".

პანდემიის პერიოდში, როდესაც რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე იყო, ვლადიმირ პუტინმა პანდემიასთან გამკლავების პასუხისმგებლობა პრემიერ მინისტრს და მოსკოვის მერს გადააბარა.

ბელარუსში პანდემიის დროს საზღვრები არ ჩაუკეტავთ და არც კარანტინი შემოუღიათ. ლუკაშენკომ არაერთხელ აღნიშნა, რომ კორონავირუსი არც ისეთი საშიში და რთულად გადასატანი ვირუსი იყო. პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ თავად ვირუსი უსიმპტომოდ და ექიმების დახმარების გარეშე გადაიტანა, თუმცა განცხადების დამადასტურებელი საბუთი, ტესტის შედეგები არ წარმოუდგენია.

ჯილოდს პუტინთან და ლუკაშენკოსთან ერთად იზიარებენ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდა მოდი, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი.

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოსთვის ეს სატირული ნობელს მეორე ჯილდოა. 2013 წელს მან Ig Nobel მშვიდობის დარგში მიიღო. ბელარუსის პრეზიდენტმა და ბელარუსის პოლიციამ ჯილდო მიიღეს საჯაროდ ტაშის დაკვრის აკრძალვისთვის და ტაშის დაკვრისთვის იმ ადამიანის დაპატიმრებისთვის, რომელსაც მხოლოდ ერთი ხელი აქვს.

გამარჯვებულ ჯგუფს ჯილდოდ ზიმბაბვური დოლარის 10 ტრილიონიანი კუპიურა და ქაღალდის კუბი ეკუთვნით.

კომენტარები