კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში გამოვლინდა, 30 - თბილისში

მთავარი არხი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში გამოვლინდა, 30 - თბილისში.

"გუშინ ქვეყანაში გახლდათ 3119 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით გახლავთ 3306 დადასტურებული შემთხვევა. 

ეს 187 დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილებით გახლავთ: 116 არის აჭარა, 30 გახლავთ თბილისი, 15 გახლავთ იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 11, გურია - 4, კახეთი - 3, შიდა ქართლი - 3, ქვემო ქართლი - 2, მცხეთა-მთიანეთი - 2 და სამცხე-ჯავახეთი 1".

მისივე თქმით, პაციენტებიდან, რომლებიც Covid ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტალებში მკურნალობენ, 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 3500-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. აჭარაში დღეს 24 ადამიანი გამოჯანმრთელდა და კიდევ 4 პირის გამოჯანმრთელებას დღის განმავლობაში ელიან. 

აჭარაში დღეს არსებული მონაცემებით სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 486 პაციენტი, კოვიდ კარანტინებში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 347 პაციენტი.

19 სექტემბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჯამში გამოჯანმრთელდა 46 პაციენტი.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 3 306 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 481 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები