თავდასხმა ლელოს ოფისზე

კაპანაძე: "ოცნება" იყენებს სატელიტებს მივარდნებისთვის, ძალადობისთვის და დაშინებისთვის

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე პროპუტინური, მოძალადე პარტიის, ქართული მარშის მხრიდან ლელოს ოფისის ბლოკირებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართული მარში არის ქართული ოცნების ფრთა, შესაბამისად, ეს არის ხელისუფლების წინასაარჩევნო მცდელობა, დააშინოს თავისი ოპონენტები სატელიტების დახმარებით. მისივე თქმით,   ასეთი ჯგუფების გამოყენების პრაქტიკა ძალადობრივი მოქმედებისა და შემდეგ დანაშაულის დაფარვისთვის, უნდა დასრულდეს.

"ქართული მარში არის ქართული ოცნების ერთ-ერთი ფრთა, ისევე, როგორც პატრიოტთა ალიანსი. რომ შევხედოთ, თუ ვინ იღებენ ქართულ მარშში მონაწილეობას, ისინი არინ ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები და დღემდე მათ აქვთ შეხმატკბილებული ურთიერთობები.

ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ილაშქრებდა ქართული მარში 20 ივნისის მიტინგის შემდეგ ახალგაზრდების წინააღმდეგ, სხვათა შორის, ევროპული საქართველოს წინააღმდეგ. ახლა, როგორც ჩანს, ლელო ამოიღეს სამიზნეში. ეს არის ჩვეულებრივი, წინასაარჩევნო ბინძური სტრატეგია ქართული ოცნების, რომ გამოიყენოს თავისი სატელიტები ასეთი ტიპის მივარდნებისთვის, ძალადობისთვის, დაშინებისთვის და ა.შ. მთელი იდეა იმ ცვლილებების, რომლებიც მოხდება არჩევნების შემდეგ, როდესაც ხელისუფლება დამარცხდება, იქნება ის, რომ ასეთი პრორუსული ჯგუფები აღარასოდეს იქნება გამოყენებული და არ მოხდება არც მათზე ხელის დაფარება და არც მათ დანაშაულებებზე თვალის დახუჭვა". – ამბობს კაპანაძე.

მოძალადე პარტიის, ქართული მარშის წევრებმა ქუთაისის  პარტია ლელოსოფისთან აქცია გამართეს.  

აქციის წევრებმა ოფისთან ე.წ. სიგელიც მიიტანეს, რომელზეც ლგბტ დროშის სიმბოლოზე პარტიის წევრები არიან გამოსახული. 

დღეს, 18 სექტემბერს, ქართული მარშის წევრებმა აქცია თბილისში, ლელოს ვაკის ოფისთანაც გამართეს. აქციის წევრებმა ოფისთან ე.წ. ფულით სავსე ტომრები მიიტანეს და თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძემ ხალხის ფული მიითვისა. 

კომენტარები