ნავალნის მოწამვლა

ფონ დერ ლეიენი: ვინც რუსეთთან ახლო კავშირს ემხრობა - ნავალნის მოწამვლა ერთი შემთხვევა არაა

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა და გერმანიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა საეჭვოდ მიიჩნია Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტი

"მათ, ვინც რუსეთთან ახლო კავშირს უწევს ადვოკატირებას, ვეტყვი, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა ძლიერი ქიმიური იარაღით არ არის ის, რაც მხოლოდ ერთხელ მოხდა... შაბლონი არ იცვლება და არცერთი მილსადენი არ შეცვლის ამას".

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო Nordstream 2-ის გაზსადენზე სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

"კანცლერი იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს". – თქვა ზაიბერტმა. კანცლერის სპიკერს ჰეიკო მაასის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს გადახედოს Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს.

"იმედი მაქვს, რუსები არ გვაიძულებენ, პოზიცია შევიცვალოთ Nord Stream 2-ის პროექტზე. თუ მომდევნო დღეებში რუსეთი არ დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა, იძულებული ვიქნებით, განვიხილოთ საპასუხო ზომები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ". – თქვა მან.

 

ნავალნი შეუძლოდ 20 აგვისტოს ტომსკი-მოსკოვის რეისზე გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა17 სექტემბერს ნავალნის გუნდში თქვეს, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს. რა არის ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკის" ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ შეწყვიტოს რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის პროექტის მხარდაჭერა.

Nord Stream 2-ის პროექტის შეჩერებას ემხრობიან მერკელის პარტიაშიც. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნორბერტ რიოტგენმა გერმანულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ პროექტის დასრულება პუტინის "არაჰუმანურ და დამცინავ პოლიტიკას წაახალისებს".

Nord Stream 2-ის პროექტი თითქმის დასრულებულია. 1 220-კილომეტრიანი გაზსადენის მხოლოდ 160 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებაღა რჩება. პროექტს ეწინააღმდეგებიან აშშ, აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

პროექტზე მუშაობა გასული წლის დეკემბრის შემდეგ დროებით შეჩერდა. მიზეზი აშშ-ს მხრიდან სანქციების მუქარის გამო პროექტიდან შვეიცარიული კომპანიის გასვლა გახდა.

გერმანულმა კომპანია Uniper-მა, რომელიც გაზპრომთან და კიდევ 4 პარტნიორ კომპანიასთან ერთად პროექტში რჩება, გასულ წელს განაცხადა, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ გაზსადენის მშენებლობა ვერ დასრულდება.

21 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ორი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის და Turkstream-ის საწინააღმდეგო სანქციებსაც მოიცავს.

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, მაგრამ ამას აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა ხელი. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვის დაუხმარებლადაც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო.

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს.

გაზსადენის პროექტი ითვალისწინებს ორი ხაზის მშენებლობას, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

კომენტარები