ევგენი პრიგოჟინი

ბერლინის კლინიკამ, სადაც ნავალნის მკურნალობენ, "პუტინის მზარეულს" შემოწირულობა დაუბრუნა

AP

ბერლინის საავადმყოფო Charité-მ, სადაც რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ მკურნალობენ, კრემლთან ახლო კავშირების მქონე რუს მაგნატს, ევგენი პრიგოჟინს ნავალნის მკურნალობისთვის შეწირული 1 მილიონი რუბლი (13 300 აშშ დოლარი) უკან დაუბრუნა. განცხადება ამის თაობაზე პრიგოჟინის კომპანია Concord-ში გააკეთეს.

კომპანიაში ორი ვარაუდი აქვთ იმაზე, თუ რატომ თქვა კლინიკამ ფულის მიღებაზე უარი. პირველი მოსაზრებით მიზეზი ისაა, რომ დასავლეთის ქვეყნებს პრიგოჟინისათვის სანქციები აქვთ დაწესებული. მეორე ვარაუდით კი უარის თქმა განპირობებული იმით, რომ კლინიკას არ სურს, პრიგოჟინს გაუზიაროს ნავალნის მკურნალობის დეტალები.

მას შემდეგ, რაც ნავალნი კომაში ჩავარდა პრიგოჟინი მას დაემუქრა, რომ თუ გადარჩებოდა, რუსეთის კანონმდებლობის სრული სიმკაცრით აგებინებდა პასუხს.

პრიგოჟინი ამბობს, რომ ნავალნის ანტიკორუფციულ სააგენტოს სასამართლოში უჩივლებს და 1.2 მილიონი აშშ დოლარის (88 მილიონი რუბლი) ოდენობის ჯარიმის გადახდას მოითხოვს. პრიგოჟინმა ნავალნის სასამართლოში გასულ წელს უჩივლა ვიდეოს გავრცელებისთვის, რომელმაც, მისი თქმით მის რეპუტაციას ზიანი მიაყენა.

ამის შესახებ განცხადება მისი კომპანიის, Concord-ის პრესცენტრმა გაავრცელა. სწორედ Concord-ი ამარაგებს კრემლს საკვებით.

"ჩემი მიზანია, ამ უნამუსო ადამიანების ჯგუფი განვძარცვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისაგან. თუ ამხანაგი ნავალნი მოკვდება, მე პირადად მის გასამართლებას ამქვეყნად არ ვაპირებ. ამას განუსაზღვრელი ვადით გადავდებ და შემდეგ საკუთარ თავს გავუკეთებ კომპენსაციას". – თქვა პრიგოჟინმა.

გასული წლის ოქტომბერში რუსეთის სასამართლომ ნავალნის, მის თანამებრძოლს, ლიუბოვ სობოლს და ანტიკორუფციულ ფონდს მთლიანობაში 88 მილიონი რუბლის ჯარიმა დააკისრა, რომელიც მათ კომპანია Московский Школьник-ს უნდა გადაუხადონ. კომპანია პრიგოჟინთან არის დაკავშირებული, თუმცა პუტინის მზარეული უარყოფს, რომ მისი მფლობელია. კომპანია რუსეთის სკოლებისთვის სადილებს ამზადებს.

ნავალნის სააგენტომ გამოაქვეყნა ვიდეოგამოძიება, რომელშიც კომპანიას ბაზრის მონოპოლიზაციასა და ბავშვებისთვის ცუდი ხარისხის საკვების მიწოდებაში დაადანაშაულა, რის გამოც, მათი თქმით ბავშვები მოიწამლნენ.

ნავალნიმ სააგენტო ივლისში ფორმალურად დახურა. სააგენტოს დირექტორი ივან ჟდანოვი არ გამორიცხავს, რომ ნავალნი სწორედ ამ გამოძიების გამო მოწამლეს.

კომენტარები