Edison Research

მელია Edison Research-ზე: გლდანში ოპოზიციის პირველივე ტურში გამარჯვების შანსი ერთობამ გაზარდა

Edison Research-ის კვლევის მიხედვით ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნიკა მელიას გამოკითხულთა 52% უჭერს მხარს. მელია ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ამბობს, რომ ის ამ შედეგს ელოდა. 

მისივე თქმით, მთავარი ფაქტორი, რამაც გლდანში პირველივე ტურში ოპოზიციის გამარჯვების შანსი გაზარდა, ოპოზიციის ერთობაა. 

"მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რამაც ერთი-ათად გაზარდა შანსი, რომ გლდანში ოპოზიციამ პირველივე ტურში გაიმარჯვოს, არის ერთობა. ერთობა, რომელიც დაფიქსირდა გლდანის რაიონში - მთლიანი ოპოზიციური სპექტრი შევთანხმდით ერთ საერთო კანდიდატზე და ძალიან განსხვავებული ოპოზიციური პარტიების შტატები მუშაობენ ერთ საერთო მაჟორიტარზე, ამ შემთხვევაში ნიკა მელიაზე".- ამბობს მელია. 

მელიამ აღნიშნა, რომ "კარგი იქნებოდა, რაც შეიძლება მეტ ოლქში შეთანხმებულიყო ოპოზიცია". მისივე თქმით, "საბოლოო ჯამში, ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დადგება". 

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, კითხვაზე ვის მისცემდით ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში - მელია 52%, კობიაშვილი 33%. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

კომენტარები