ეკონომიკა

NDI: 57% ამბობს, რომ პანდემიის დროს დახმარება არ მიუღია, 48% ამბობს, რომ არასაკმარისი იყო

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, მიიღეთ თუ არა თქვენ ან თქვენმა ოჯახის წევრებმა რაიმე სახის ფინანსური დახმარება ან შემწეობა ახალი კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, 57% პასუხობს, რომ მთავრობისგან არანაირი ფინანსური დახმარება არ მიუღია, ხოლო 48% რომ დახმარება არასაკმარისი იყო. 

ამავდროულად, გამოკითხულთა უმრავლესობა 52% ამბობს, რომ დახმარება საკმარისი იყო. კითხვაზე, თუ რა იქნებოდა ყველაზე ქმედითი დახმარება თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, 29% უმუშევრობის კომპენსაციას ასახელებს, 26% კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას. 

24% ამ შემთხვევაში საუკეთესო დახმარებად ეფექტურ დასაქმების პროგრამას ასახელებს, 15% წამლებითა და მედიკამენტებით დახმარებას. 11% საუკეთესო დახმარებად სესხების განულებას, ხოლო 6% გადავადებას ასახელებს. ამავდროულად, გამოკითხულთა 10%-ის თქმით, მათ სამთავრობო დახმარება საერთოდ არ სჭირდებათ. 

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა 200 ლარიან ყოველთვიურ კომპენსაციას, 6 თვის განმავლობაში, იმ პირებისთვის, რომლებიც დაქირავებით მუშაობდნენ. 

ამის გარდა ამოქმედდა, თვითდასაქმებულების ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 75 მილიონი ლარით განისაზღვრა. საქმე ის არის, რომ საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სულ 840 ათასი თვითდასაქმებულია, ეს თანხა კი მხოლოდ 240 ათასი თვითდასაქმებულის კომპენსაციისთვის იქნებოდა საკმარისი. 

ამის მიუხედავად, მთავრობამ კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულებს ოფიციალური დოკუმენტის წარმოდგენა მოსთხოვა, რომლითაც ისინი საკუთარ შემოსავალს დაადასტურებდნენ, რისი რესურსიც თვითდასაქმებულების უმრავლესობას არ აქვს. შესაბამისად, პროგრამისთვის გამოყოფილი 75 მილიონი ამ დრომდე ბოლომდე არ არის ათვისებული. 

კომენტარები