კორონავირუსი საქართველოში

R2-ში მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს, გადაცემებში სტუმრების მისვლა 1 კვირით აიკრძალა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ტელევიზიაში მკაცრი საკარანტინო წესები იმოქმედებს. პაატა სალიას ინფორმაციით, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, გადაცემებში სტუმრების მისვლა აიკრძალა. მისივე თქმით, დღეს განმეორებით ტესტირებას უტარებენ იმ 60 ადამიანს, ვისაც ახლო კონტაქტი ჰქონდა Covid 19-ით ინფიცირებულ ჟურნალისტთან, თეონა ცხომელიძესთან.

"ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული პროტოკოლი. ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე ე.წ საინკუბაციო პერიოდია, მაქსიმალურად გამკაცრებული გვაქვს წესები და ფაქტობრივად აკრძალული გვაქვს სტუმრების მოსვლა, თუნდაც ეზოში. ასევე აკრძალული გვაქვს გადაცემებში სტუმრების მოსვლა", - ამბობს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს ახალი კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა. ტელეკომპანიაში გამოკვლეული 400-მდე თანამშრომლიდან COVID-19 არცერთს არ გამოუვლინდა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ თანამშრომელთან, ტესტირება ყოველ 48 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ.

კომენტარები