კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ქვეყანაში შემთხვევების ზრდის მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არის

მიუხედავად ქვეყანაში შემთხვევების ზრდისა და ძალიან საყურადღებო ზრდისა, პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საყურადღებოა. ჩვენ გვჭირდება მეტი დამატებითი ღონისძიებების გატარება, მაგრამ, პირველ რიგში, იმ რეგულაციების დაცვა, რომელიც დღეს დადგენილია. ეს რეგულაციები ყველამ კარგად იცის. ეს არის ძალიან მარტივი შესასრულებლად - ყველა დახურულ შენობაში პირბადის ტარება და ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ქყვეყანაში სანიტარული წესრიგის გამკაცრებას და აუცილებელია, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. 

გავრცელების პერიოდში ყველას მოგიწოდებთ, განსაკუთრებით მოვერიდოთ ჩვენს ხანდაზმულ ადამიანებს. თუ სადმე ოდნავ ეჭვია, რომ რომელიმე ჩვენგანს აქვს სიმპტომები - ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, აუცილებლია, დავრეკოთ 112-ზე და სწრაფად მოხდეს გამოკვლევა. 

გამოკვლევების რაოდენობა ქვეყანაში სერიოზულად არის გაზრდილი. დღეს დილისთვის გვქონდა თითქმის უკვე 10 000. ამას ემატება ყოველდღიურად, დაახლოებით 1 600 სწრაფი ტესტით კვლევა. საკმაოდ დიდი მოცულობის კვლევები ტარდება ქვეყნის 21 ლაბორატორიაში. ეს ხელს უწყობს შემთხვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.  

მოსალოდნელი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარების და დიდი რაოდენობით ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა, ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ყოფილიყო შავიზღვისპირეთი, რადგან აქ იყო დიდი რაოდენობით ჩვენი მოასხლეობის კონცენტრაცია. ამავდროულად, სამწუხაროდ, არ ხდებოდა დაცვა იმ რეკომენდაციების, რასაც მუდმივად ვახსენებთ - პირბადის ხმარების, დისტანციის დაცვის და დიდი თავყრილობების თავის არიდების. ამის არდაცვამ მოგვიტანა ის, რომ გვაქვს შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს ზრდა არის სრულად მართვადი და კონტოლს ექვემდებარება. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, რომ ზრდა შევაჩეროთ. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც გაზაფხულზე გამოვიყენეთ, ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით. სლოგანი არის, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ჩვენ მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრება, სულ მინიმუმ, 1 წელი.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დადსტურდა. სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 075 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 363 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები