აშშ-ჩინეთი

პეკინი ჩინეთში მყოფ ამერიკელ დიპლომატებს შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ს საელჩო პეკინში
Insider

ჩინეთში 11 სექტემბერს განაცხადეს, რომ კონტინენტურ ჩინეთსა და ჰონგ-კონგში აშშ-ს საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლებს შეზღუდვები დაუწესეს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ზომები მიიღო. როგორც ოფიციალური პეკინი აცხადებს, ეს საპასუხო ნაბიჯია. 

4 სექტემბერს აშშ-მ განაცხადა, რომ მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან დასტური დასჭირდებათ იმისათვის, რომ ამერიკულ უნივერსიტეტებს ეწვიონ და შეხვდნენ ადგილობრივ ოფიციალურ პირებს. ასევე, ჩინეთის საელჩოების ან საკონსულოების მიერ საგარეო მისიების უძრავი ქონების გარეთ 50 ან მეტ ადამიანთან კულტურული შეხვედრების გამართვასაც  სახელმწიფო დეპარტამენტის დასტური დასჭირდება.

ვაშინგტონის ეს ნაბიჯი პეკინის მიერ ამერიკელი დიპლომატებისთვის დაწესებული შეზღუდვების პასუხია – "წლების განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ჩინეთში მომუშავე ამერიკელ დიპლომატებს მნიშვნელოვან ბარიერებს უწესებს, რაც დიპლომატიური ნორმებისგან ძალიან შორსაა".

აღსანიშნავია, რომ ივლისში აშშ-ში, ჰიუსტონში ჩინეთის საკონსულო დახურეს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მიზეზად ინტელექტუალური საკუთრების და ამერიკელების პირადი ინფორმაციის დაცვა დაასახელა. მისი თქმით, ჩინეთის კომუნისტური პარტია არა მხოლოდ ამერიკულ, არამედ ევროპულ ინტელექტუალურ საკუთრებასაც იპარავს, რაც მათ ასობით ათასი სამუშაო ადგილის ფასად უჯდებათ. ამის შემდეგ, ჩინეთმა ჩენტუში აშშ-ს საკონსულო დახურა.

კომენტარები