სტრატეგია აღმაშენებელი

ვაშაძე: ჩვენს მოხალისეებს თავს დაესხნენ, მინდა ვუთხრა ოცნებას, არ გაგივათ დაშინება

გიორგი ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ცნობით, ახალგაზრდა მხარდამჭერებს ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ უცნობი ადამიანები დაესხნენ თავს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ მიზანმიმართულად ცდილობს, მათ მხარდამჭერებზე იძალადოს. 

"თავდასხმა მოხდა ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებზე, რომლებიც აგროვებდნენ ხელმოწერებს საბანკო სესხების პროცენტის განახევრებასთან დაკავშირებით. კალაძემ და მერიის წარმომადგენლებმა ათობით ათასი ლარის ჯარიმა უკვე გამოუწერეს ჩვენს ახალგაზრდებს, ესეც სრულიად უკანონოდ. ამ ქმედებამ ვერ გაჭრა და, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, დააორგანიზონ ფიზიკური თავდასხმა ჩვენს მოხალისეებზე". – ამბობს გიორგი ვაშაძე. 

პოლიტიკოსის თქმით, მათ აქვთ ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ არ აპირებდა პოლიცია თავდამსხმელების დაკავებას. გიორგი ვაშაძის თქმით, ვიდეოში ისიც კარგად ჩანს, თუ როგორ მივიდნენ თავდამსხმელები სტრატეგია აღმაშენებლის სარეკლამო ბანერთან და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მოხალისეებს.

"მე მინდა, პირდაპირ ვუთხრა მათ, ამ მართლაც დამსხვრეულ ოცნებას, არ გაგივათ, ხალხო, თქვენი არავის არ ეშინია. მოვითხოვთ დაუყონებლივ რეაგირებას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ყველა დეტალი არის დაფიქსირებული ვიდეომასალაში, ყველა დეტალი არის დაფიქსირებული ჩვენს მოქმედებებში. 

კადრებში კარგად ჩანს, თუ რამდენი ხანი ითხოვდნენ ამ ადამიანის დაკავებას ის ახალგაზრდები, რომლებიც იქ იყვნენ და რამდენი ხნის განმავლობაში ვერ წყვეტდა პოლიცია დაეკავებინათ თუ არა ის. როგორც ჩანს, გარკვეული ზარები ხორციელდებოდა პოლიციის წარმომადგენლებთან, რომ არ მომხდარიყო ამ ადამიანების დაკავება. ეს არის დაუშვებელი, ჩვენ არ ვაპირებთ, ძალადობას შევეგუოთ ამ არჩევნების პერიოდში და კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ დამსხვრეული ოცნებების პარტიას: თუ თქვენ ასე აპირებთ არჩევნების ჩატარებას, მიიღებთ ძალიან მკაცრ პასუხს ჩვენგან". – თქვა გიორგი ვაშაძემ. 

კომენტარები