ბელარუსი

ბელარუსი ოპოზიციონერის, მარია კოლესნიკოვას, განცხადებით მას მოკვლით ემუქრებოდნენ

მარია კოლესნიკოვა
TACC

ბელარუსი ოპოზიციონერის მარია კოლესნიკოვას განცხადებით, როდესაც ქვეყნიდან მის დეპორტირებას ცდილობდნენ, КГБ-ს ოფიცრებმა მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მოკვლით დაემუქრნენ.

"განსაკუთრებით აღნიშნავდნენ, რომ თუ ჩემი ნებით არ დავტოვებ ბელარუსის რესბულიკას, მაინც გამიყვანენ ცოცხალს თუ მკვდარს. ასევე მემუქრებოდნენ, რომ 25 წლით ჩამსვამენ ციხეში". -  თქვა კოლესნიკოვამ.

მარია კოლესნიკოვას ადვოკატის განცხადებით, ისინი ოფიციალურად აპირებენ შესაბამის უწყებაში საჩივრის შეტანას.

7 სექტემბრის დილიდან კავშირი შეწყდა მარია კოლესნიკოვასთან და ბელარუსის საკოორდინაციო კიდევ ორ წევრთან ანტონ როდნენკოვთან და ივან კარავცოვთან. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები კოლესნიკოვასთან მივიდნენ, შემდეგ კი კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც ეწერა "Связь". მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოლესნიკოვა 8 სექტემბერს ბელარუსისა და უკრაინის საზღვრის კვეთის დროს დააპატიმრეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მარია კოლსენიკოვამ თავისი პასპორტი დახია, რათა უკრაინაში მისი დეპორტაცია არ მომხდარიყო.

მარია კოლესნიკოვა ამჟამად მინსკშია დაკავებული. ის ეჭვმიტანილია სახელმწიფო ღალატში, რაც სისხლის სამართლის საქმის ნაწილია და მოიცავს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია მის ადვოკატზე დაყრდნობით.

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი გახდა. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ, ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიქტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავს ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვიქტორ ბაბარიკო ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომელთა თანახმადაც ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი დააგროვა.

კომენტარები