კორონავირუსი საქართველოში

გახარია შეზღუდვებზე: შეიძლება, გაღიზიანება მოჰყვეს, თუმცა, ერთმა ქორწილმა 5 კლასტერი შექმნა

საქართველოს პრემიემრინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, შესაძლოა, საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა, მისივე სიტყვებით, თბილისში ერთ-ერთმა ქორწილმა 5 ახალი კლასტერი გააჩინა. 

"სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და, შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ საგულისხმო მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახელებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი. 

ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა." - ამბობს გიორგი გახარია. 

დღეიდან, 10 სექტემბრიდან, საქართველოში 200 ადამიანზე მეტის შეკრება ღია სივრცეშიც აიკრძალა. ასევე, აიკრძალა ღია სივრცეში იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდე 9 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები