Microsoft Corp. აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის კონსულტანტ ფირმას რუსი ჰაკერების მიერ კიბერთავდასხმის შესახებ აფრთხილებს. სავარაუდოდ, ჰაკერები რუსეთის ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ჰაკერების თავდასხმის სამიზნე ვაშინგტონში დაფუძნებული კამპანიის სტრატეგიული დაგეგმვის და კომუნიკაციების ფირმა SKDKnickerbocker-ი გახდა. ბოლო ორი თვის განმავლობაში ფირმა ჯო ბაიდენთან თანამშრომლობს.
Reuters-ის წყაროს ინფორმაციით SKDK-ი კარგადაა დაცული კიბერთავდასხმებისგან და ჰაკერებმა ვერ შეძლეს ფირმის ქსელში შეღწევა.
SKDK-ის ვიცე-ხელმძღვანელს ჰილარი როუზენს და ჯო ბაიდენის სპიკერს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ბოლომდე ნათელი არ არის, რუსი ჰაკერების მიზანს ჯო ბაიდენის კამპანია წარმოადგენდა, თუ მათ SKDK-ის კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება სურდათ.
Reuters-ის სამი სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, SKDK-ზე კიბერთავდასხმის მცდელობები გამოავლინა Microsoft-მა, რომელიც ჰაკერებს რუსეთის ხელისუფლებას უკავშირებს. ჰაკერები ცდილობდნენ, SKDK-ის ფირმის ქსელში მომხმარებლების პაროლები მოეპოვებინათ.
SKDK აქტიურად თანამშრომლობს დემოკრატიულ პარტიასთან. ფირმას ექვს საპრეზიდენტო კამპანიასა და სხვადასხვა კონგრესმენების კამპანიებზე აქვს ნამუშევარი.
ბოლო პერიოდში აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოები აქტიურად ლაპარაკობენ უცხო სახელმწიფოების მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესაძლო საფრთხეებზე.
საგანგებო საბჭოს ყოფილი წევრის, რობერტ მიულერისა და სენატის სადაზვერვო კომიტეტის გამოძიებებით დადგინდა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. რობერტ მიულერმა აღნიშნა, რომ რუსეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც ცდილობს ჩარევას.