კორონავირუსი აჭარაში

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3 ხოფის ბაზრობას უკავშირდება

აჭარის ტელევიზია

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევიდან 3 ხოფის ბაზრობას უკავშირდება.

"მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება. ბაზრობა არის დაკეტილი, ლოკაციაზე გასულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი". – თქვა რუსუდან შავიშვილმა. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ, 7 სექტემბერს თქვა, რომ მთავრობა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მომატების გამო ბათუმის ჩაკეტვას არ განიხილავს.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში COVID-19-ის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი. 

სულ ქვეყანაში დადასტურებულია 1729 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1321 პაციენტი.

კომენტარები