კორონავირუსი საქართველოში

კანდელაკი კარანტინის შემცირებაზე: დისკრიმინაციული კარანტინი უნდა გაუქმდეს, თუნდაც 8 დღიანი

ევროპული საქართველოს წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი მთავრობის მიერ ქვეყანაში შემომსვლელთათვის კარანტინის რვა დღემდე შემცირებას გამოეხმაურა. კანდელაკის თქმით, გადაწყვეტილება საზოგადოების ზეწოლის შედეგადაა მიღებული და აჩვენებს, რომ ორკვირიან კარანტინს მეცნიერული საფუძველი თავიდანვე არ ჰქონდა.

"ამავე დროს, გადაწყვეტილება ინარჩუნებს დისკრიმინაციულ კარანტინს უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აუცილებელია, რომ დისკრიმინაცია გაუქმდეს და უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან მომავალი ყველა ადამიანი დაექვემდებაროს ერთნაირ რეგულაციას". – აღნიშნა კანდელაკმა.

მან, ასევე, მოუწოდა მთავრობას, უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანოს კარგი ეპიდსიტუაციის მქონე ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საბერძნეთი და პოლონეთი.

„ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნებიდან შესაძლებელი იყოს ქვეყანაში შემოსვლა 24 საათიანი კარანტინისა და რამდენჯერმე განმეორებადი ტესტით, ისევე როგორც აპრობირებულია მრავალ, მათ შორის, კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებში“. – აღნიშნა მან.

გიორგი კანდელაკმა მთავრობას, ასევე, ავიაკომპანიებს მოუწოდა, პირველ რიგში კი ვიზეარს, დაუყოვნებლივ მიეცეთ ნებართვა დაიწყონ რეგულარული ფრენები უსაფრთხო ქვეყნებიდან - "იმ დათქმით, რომ მათ რიცხვში შეტანილი იქნებიან კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნები".

კანდელაკმა კარანტინის მომსახურებაზე სასტუმროებთან გაფორმებულ გაუმჭვირვალე კონტრაქტებზე და კორუფციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "გადასახადის გადამხდელთა ფული ხშირ შემთხვევაში ქართული ოცნების შემომწირველთა მფლობელობაში არსებულ სასტუმროებში ხვდება, რაც უდავო კორუფციის ნიშნებს შეიცავს".

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, სავალდებულო კარანტინი 12-დან 8 დღემდე შემცირდება. თუმცა, თავის დასაზღვევად, სავარაუდო ინფიცირებულებს ახალ კორონავირუსზე PCR-ტესტი მე-8 დღესთან ერთად, მე-12 დღესაც ჩაუტარდებათ. 

კომენტარები