კორონავირუსი საქართველოში

მინისტრის მოადგილე: მაღალი რისკის ჯგუფს კვლავ მაქსიმალური ხანგრძლივობის კარანტინი შეეხება

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, საკარანტინე მექანიზმი საქართველოს მთავრობისთვის იყო და რჩება მთავარ დაცვად. მან TV იმედის ეთერში თქვა, რომ "საკარანტინე მექანიზმი არის ის მექანიზმი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მოიყვანა დღემდე ასეთი წარმატებული ეპიდემიოლოგიური კონტროლის სტატუსით".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა - ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ შესაძლოა, საკარანტინო პერიოდი 8 დღემდე შემცირდეს.

"კარანტინის პირობების შეცვლა, ერთი მხრივ, შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგადად ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებთან - ვირუსის გადაცემის მექანიზმებთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები ჩნდება, ცოტა ხნის წინ 14 დღიდან 12 დღემდე შევამცირეთ საკარანტინე პერიოდის ხანგრძლივობა. ასევე ვიყენებთ კომბინაციაში კარანტინს და ტესტირების მექანიზმს, 72 საათში ერთხელ ბიზნესვიზიტორებისთვის. ასევე მოქმედებს თვითიზოლაციის მექანიზმი.

ვმუშაობთ, რომ გარკვეულად დიფერენცირებული მიდგომა ჩამოყალიბდეს რისკის მაჩვენებლების გათვალისწინებით, იმ ჯგუფს, ვისაც აქვს ძალიან მაღალი რისკი, კვლავ მაქსიმალური ხანგრძლივობის კარანტინი შეეხება, ხოლო იმ ჯგუფთან მიმართებით, ვისაც შედარებით ნაკლები რისკი აქვს - შეიძლება, ვისაუბროთ კარანტინის, თვითიზოლაციის და ასევე 72-საათიანი ტესტირების კომბინაციაზე, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და მოკლე ხანში გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული რეკომენდაცია" - თქვა თამარ გაბუნიამ TV იმედის ეთერში. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს არ განუმარტავს, როგორ განსაზღვრავენ "ძალიან მაღალ" და "შედარებით ნაკლებ" რისკს.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის ან ესტონეთის მოქალაქეობა ან ცხოვრების მუდმივი უფლება არ აქვს და ამ ქვეყნებიდან პირდაპირი რეისით არ მოდის, საქართველოში 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევს. სავალდებულო კარანტინი ასევე ეხებათ, ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეებს. მათ ამაში ფული თავად უნდა გადაიხადონ. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები