ბელარუსი

ბელარუსში პოლიციამ უნივერსისტეტში გამართულ აქციაზე ხუთი სტუდენტი დააკავა

REUTERS

ბელარუსში ადამიანის უფლებათა აქტივისტები აცხადებენ, რომ 4 სექტემბერს პოლიციამ მინსკში სახელმწიფო ლინგვისტიკის უნივერსიტეტში ხუთი სტუდენტი დააკავა. სოციალურ ქსელში ვიდეოებიც გავრცელდა.

უნივერსიტეტმა რამდენიმე დღის წინ სტუდენტები გააფრთხილა, რომ პოლიციას გამოიძახებდა იმ შემთხვევაში, თუ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს არ შეწყვეტდნენ. 

"სირცხვილი!" - ეუბნებოდნენ სტუდენტები უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც პოლიციამ სტუდენტები დააკავა. 

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში რამდენიმე ათეული სტუდენტი ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი დროშებით ხელში მღეროდნენ სიმღერას "Do you hear the people sing?" მიუზიკლიდან "Les Miserables" . 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ დაკავებები "ადმინისტრაციული პროცესის" ნაწილია და პარასკევის მოვლენებთან დაკავშირებული არ არისო, რაშიც, სავარაუდოდ, ამ სიმღერას გულისხმობდნენ.

"Do you hear the people sing?" 2014 და 2019 წლის ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი არაოფიციალური ჰიმნი გახდა.

პირველ სექტემბერს, სწავლის დაწყების დღეს, ათასობით სტუდენტმა ბელარუსის ქალაქებში მონაწილეობა მიიღო ანტისამთავრობო მსვლელობაში.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

კომენტარები