ავტოსაგზაო შემთხვევა

შსს: შუახევში მანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, 3 ადამიანი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებთან, მანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიისას 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიის შედეგად დაფიქსირებულ გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.

დღეს, აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხვევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაშავდა." - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები