კორონავირუსი აჭარაში

გამყრელიძე: ოაზისში ტესტების 2/3-ის პასუხი უარყოფითია, ყველას კვლევა დასრულებული არ არის

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გუშინ, 2 სექტემბერს, ჩაქვის სასტუმრო ოაზისში კორონავირუსზე აღებული ნიმუშებიდან 2/3-ის ლაბორატორიული კვლევა დასრულდა და მათი პასუხი უარყოფითია. 

"გუშინ გარკვეული პერიოდით იყო შეწყვეტილი დინება ოაზისში. გუშინ 900 ნიმუში იქნა გამოკვლეული. ცოტა არის კიდევ დარჩენილი, მაგრამ უმეტესობა არის გამოკვლეული და ახალი ინფორმაცია რაც მაქვს აჭარიდან, ყველა არის უარყოფითი. უმრავლესობა უარყოფითია - ჯერ ყველა ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა არ არის დამთავრებული." - ამბობს ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში.

ჩაქვში, სასტუმრო ოაზისში, ერთ-ერთ სტუმარს COVID 19 დაუდასტურდა. სასტუმროში სამედიცინო პერსონალის კონფერენცია მიმდინარეობდა. სასტუმრო ჩაიკეტა და იქ 400-მდე ქართველი ექიმი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან ერთი ხელვაჩაური-ბათუმის ავტობუსის მძღოლია, ერთი შემთხვევა სასტუმრო ოაზისში დადასტურდა. ერთი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი საკარანტინე სივრციდანაა, ერთი ე.წ. დონას კლასტერიდან, კიდევ ერთმა ადამიანმა კი ცხელების ცენტრს თავად მიმართა. 

იმ პირებს, რომლებსაც ეპიდემიის ახალ კერებთან ჰქონდათ შეხება, ექიმები მოუწოდებენ, რომ COVID-19-ზე ტესტი ჩაიტარონ. ბათუმში, ბულვარში განთავსებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამი კარავი, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტის ჩატარება შეუძლიათ. კარვები დგას კოლონადასთან, რესტორან აჭარული სახლის მიმდებარედ და ანბანის კოშკთან.    

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 568 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 279 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები