ენმ

ენმ-მ საარჩევნო კოდექსსა და სსკ-ში შესატანი ცვლილებების ალტერნატიული წინადადება წარადგინა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში ალტერნატიული წინადადება დაარეგისტრირა. 

პარტიის ცნობით, კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ დეტალურად გაიწეროს და დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა არჩევნების ფარულობის დარღვევა და შესაბამისი სანქცია. 

"საარჩევნო კაბინიდან გამოტანილი შემოხაზული ბიულეტენის ჩვენება და კაბინაში ამომრჩევლის მიერ მის კუთვნილ ბიულეტენზე ფოტო/ვიდეო გადაღების წარმოება არჩევნების ფარულობის დარღვევის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითია. საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტებების დროს მას არ განიხილავს ფარულობის დარღვევად და ამომრჩევლის არჩევანს მიაწერს მაშინ, როცა ყველა ჩართული მხარე, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ არჩევნების მთავარი პრინციპების, არჩევნების ფარულობისა და ნების თავისუფალი გამოვლენის სისტემურ დარღვევებზე. 

რეალურად სწორედ ესაა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე კონტროლის ერთერთი მექანიზმი და არჩევნების კონსტიტუციური პრინციპების, ფარულობის დარღვევა, რითაც საშუალება აქვს ხელისუფლებას, სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს, მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრების, პარტიული აქტივის საშუალებით აკონტროლოს მოქალაქეების არჩევანი". – წერია განცხადებაში. 

ენმ-ს ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში უნდა ჩაიწეროს ნორმა, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის დღეს შესაძლებელი იქნება სანქციების გამოყენება ამომრჩეველთა მხრიდან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ სანქციების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება შესაძლებელს გახდის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის პრევენციას. 

"კანონში გაჩნდება იმპერატიული ჩანაწერი, რომ "აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის, ნებისმიერი ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება), ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას". – წერს პარტია. 

ენმ-ს ინიციატივითვე, კენჭისყრის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მეტრის რადიუსით უნდა აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, ნებისმიერი სახის შეკრება, რომელიც შესაძლოა, მიმართული იყოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზემოქმედების მოსახდენად. ამ ქმედებამ, ინიციატივის მიხედვით, დამრღვევის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამოიწვიოს. წინადადებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღების შემთხვევაშიც. 

პარტიას სურს, კანონში გაჩნდეს იმპერატიული ჩანაწერი, რომ "დაუშვებელია საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის გასაჯაროება, როგორც უშუალოდ ამომრჩევლის, ასევე სხვა პირის მიერ ნებისმიერი ფორმით", ვინაიდან, ენმ-ს განმარტებით, ასეთი ქმედება, ძირითადად, მიმართულია ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოსახდენად. პარტიის აზრით, ეს ჩანაწერი ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზეგავლენის პრევენციას მოახდენს. 

პარტიას ასევე სურს, რომ კანონში გაიწეროს პროცედურა კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, ენმ-ს ინიციატივით, კანონში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-13 მუხლით განსაზღვრულ არსებულ წესთან ერთად უზრუნველყოფს საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ჯამური ხმების შესაბამისად საარჩევნო კომისიებში დასანიშნი წევრების რაოდენობების გამოანგარიშებას. 

კომენტარები