კორონავირუსი საქართველოში

"შეუძლიათ, გამოიყენონ შაბათი" - როგორ დაიწყება სწავლა სკოლებში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, სასწავლო წლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება - საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით, 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერებით, შესაბამისი სითხეებით, თერმოსკრინინგის აპარატებით. ასევე, სასწავლო წლის დაწყებამდე ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების სამსახური შეამოწმებს როგორც ყველა საჯარო, ისე კერძო სკოლებს. 

"მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ დაიწყება კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესი". – ამბობს დგებუაძე.

განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა სკოლას ექნება სრული თავისუფლება, თავისი საჭიროებებიდან, ინფრასტრუქტურული მდგომარეობიდან და მოსწავლეების რაოდენობიდან გამომდინარე, დააორგანიზოს სასწავლო პროცესი.

"ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რასაც გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, არის გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა იარონ სკოლაში.

თუ სკოლას აქვს ინფრასტრუქტურული გამოწვევები, მათ ეძლევათ გაკვეთილების ხანგრძლივობის და სწავლის დროის დაწყების განსაზღვრის საშუალება. ასევე, შეუძლიათ, სმენების მიხედვით დააორგანიზონ სასწავლო დღე. სკოლას აქვს არჩევანი, თუ დასჭირდება, გამოიყენოს შაბათი, როგორც სასწავლო დღე" - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სკოლას შეუძლია, სწავლა დაიწყოს ცხრა საათზე და ყოველ 15 წუთში მიიღოს მოსწავლეები კლასების და საფეხურების მიხედვით.

"დრო არის მისი გადასაწყვეტი, რათა თუ სკოლაში ბევრი მოსწავლეა, ქაოსი არ შეიქმნას. ყველა მოსწავლემ უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი". – ამბობს მინისტრის მოადგილე.

კომენტარები