დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო დაახლოებით 700 000 ვაქცინა შეუკვეთა. მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ როცა ვაქცინა დამტკიცდება, ის საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
"31 აგვისტოს ოფიციალური განაცხადი გავაკეთეთ ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია. შევუკვეთეთ ვაქცინა მოსახლეობის 20%-ის მოცვით, ასე იძლევიან... დაახლოებით ეს არის 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, როცა ვაქცინა დამტკიცდება.
18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი. ამით, გარანტირებული იქნება, რომ როცა ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებული ორგანიზაციის მიერ, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცრებული, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში რისკჯგუფებისთვის". – თქვა გამყრელიძემ.
საქართველო ოქსფორდის და Astrazeneca-ს ერთობლივი წარმოების ვაქცინას იყიდის, რომელიც მესამე ფაზის კვლევებში, ყველაზე წინა ეტაპზეა. ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე, მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ.
საქართველოში ახალი კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 38 - ბოლო 24 საათში. აქედან 1 270 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.





