პატრიოტთა ალიანსი

ვოლსკი "პატრიოტებზე": ერთი ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნაზე საუბარი არასერიოზულია

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ვოლსკი პატრიოტთა ალიანსის 2020 წლის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნას ეხმაურება. ვოლსკის თქმით, "ერთი ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია."

"პატრიოტთა ალიანსის ადვოკატი ვერც წარმომიდგენია დღეს ვინმე იყოს - საგარეო კურსის გამო, მათი დამოკიდებულების გამო იმ საკითხების მიმართ, რაზეც ჩვენ საკმაოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს. 

მაგრამ, ერთი ფურცლის გამო მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია. უნდა იყოს ამაზე სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები."–ამბობს ვოლსკი. 

რუსი ბიზნესმენისა და ოპოზიციონერის, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია დოსიემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ გამოძიების მეორე ნაწილი გუშინ, 31 აგვისტოს გაავრცელა. მასში საუბარია უშუალოდ წინასაარჩევნო სტრატეგიისა და კამპანიის დაგეგვმაზე, რომელიც რამდენიმე პიარკომპანიის გავლით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებთან არის შეთანხმებული.

როგორც ირკვევა, რუსი კურატორები "პატრიოტებს" აგვისტოს ომის წლისთავზე საპროტესტო მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ, თუმცა პატრიოტთა ალიანსმა წინადადებაზე უარი თქვა. ასევე, გამოძიების მეორე ნაწილის მიხედვით, სექტემბრის პირველ რიცხვებში რუსი კურატორები "პატრიოტებს" თხოვენ, დაიწყონ საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელშიც მონაწილეობას აჭარის მოსახლეობა მიიღებს.  

გამოძიების პირველი ნაწილი ცენტრმა 24 აგვისტოს გამოაქვეყნა და მასში საუბარი იყო პატრიოტთა ალიანსისა და კრემლის თანამშრომლობაზე. ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

კომენტარები