ბელარუსი

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერები ახალ პარტიას ქმნიან

მარია კოლესნიკოვა
Reuters

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერები ახალ პარტიას ქმნიან. ახალი პარტიის შექმნის ინიციატორი ვიკტორ ბაბარიკოს შტაბია. ამის შესახებ ინფორმაცია შტაბის მიერ Telegram არხზე განთავსებული ვიდეო მიმართვიდან გავრცელდა. ვიდეო მიმართვა ორნაწილიანია, პირველში ბაბარიკო საუბრობს და სავარაუდოდ, ის ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრებამდეა გადაღებული. ვიდეოს მეორე ნაწილში ბელარუსის მოსახლეობას მიმართავს ვიკტორ ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელი და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა . ახალ პარტიას "ერთად" დაერქმევა.

"ჩვენ გვესმის, რო მოვიდა ჩვენი ბრძოლის გაგრძელების დრო, თუმცა უკვე ორგანიზებული ფორმით, რომელშიც ყველა ჩვენს მხარდამჭერის გაერთიანებას შევძლებთ". – ამბობს ვიდეოში ბაბარიკო.

ბაბარიკოს განცხადებით, პარტიის მთავარი მიზანი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ეკონომიკის გაძლიერება და საზოგადოებრივი ჩართულობის ამაღლებაა. 

"ქვეყანა პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ კრიზისშია, ერთად ჩვენ ვიცით, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ძალიან მალე წარვადგენთ [პარტიის] დარეგისტრირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას". – განაცხადა მარია კოლესნიკოვამ.

ვიკტორ ბაბარიკო ბელარუსში ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი ლიდერია. ის ლუკაშენკოს მთავარ და ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ განიხილებოდა. 59 წლის ბაბარიკო ყოფილი ბანკირია. წარსულში ის იყო Belgazprombank-ის დირექტორი, რომელიც Gazprom-ის შვილობილი კომპანიაა. ვიკტორ ბაბარიკო ივნისში დააპატიმრეს. მას ბრალად ფინანსური დანაშაულებები ედება. დაკავებიდან დაახლოებით ერთ თვეში მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ მისცეს.

ბელარუსში საპროტესტო აქციები სამი კვირაა გრძელდება. 30 აგვისტოს ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. დააკავეს სულ მცირე 140 მომიტინგე.

გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ.

ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს.

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლეს.

კომენტარები