დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსი ქართული ოცნების სათაო ოფისის თანამშრომლის 5 კონტაქტს დაუდასტურდა.
"ახალი შემთხვევა დაგვიდასტურდა 2 ლოკაციაზე. ეს არის ქართული ოცნების სათაო ოფისში, სადაც სამეურნეო მუშაკს დაუფიქსირდა და შემდეგ მისი კონტაქტები აქტიურად იქნა გამოკვლეული. გუშინწინ და გუშინ ჩვენ, დაახლოებით, 240-მდე კონტაქტირებული პირი გამოვიკვლიეთ. გვაქვს კიდევ 5 დადასტურებული შემთხვევა კონტაქტირებულ ადამიანებში.
ასევე, მეორეს მხრივ საყურადღებო გახლდათ დაცვის სამსახურში აღმოჩენილი 1 შემთხვევა, რომელიც დაგვიდასტურდა რუსთავის საავადმყოფოში, ცხელებით შესული პიროვნება, რომელიც მუშაობდა დაცვის სპეციალურ სამსახურში და მასთან დაკავშირებულ ორ კონტაქტში იქნა დადასტურებული შემთხვევა. ერთ-ერთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაცვის წევრია". – თქვა ამირან გამყრელიძემ.
ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელს კორონავირუსი 30 აგვისტოს დაუდასტურდა. COVID-19 დაუდასტურდა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის წევრსაც. არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია. პრესსამსახურის ინფორმაციით, მისი PCR ტესტირების პასუხი უარყოფითია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 487 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1 240 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.





