პატრიოტთა ალიანსი

ხოშტარია: პროკურატურა ამბობს, რომ "პატრიოტებზე" გამოძიების საფუძველი არ არსებობს

ელენე ხოშტარია

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურიდან პასუხი მიიღო, რომელშიც უწყება ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს. ხოშტარიას თქმით, პროკურატურამ მხოლოდ აუდიტის სამსახურს მიმართა. 

ევროპულმა საქართველომ პროკურატურას განცხადებით, გამოიძიოს პატრიოტთა ალიანსის დაფინანსების საკითხი, 25 აგვისტოს მიმართა

"მინდა საზოგადოებას გავაცნო პროკურატურის ფორმალური და აბსოლუტრად უპასუხისმგებლო პასუხის შესახებ, სადაც ისინი საუბრობენ, რომ თურმე გამოძიების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს მხოლოდ აუდიტის სამსახურს, თითქოს ეს არის ჩვეულებრივი საქმე, სადაც უნდა გაერკვიონ სისწორეში და გამჭირვალეობაში ფინანსური საკითხების. 

დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელსაც მტრული სახელმწიფო, რუსეთი, პირდაპირ კრემლთან დაახლოებული პირები აძლევენ საქართველოში, არჩევნებში მონაწილე, პატრიოტთა ალიანსს. გარდა ამისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის არამარტო ინსტრუქცია, არამედ ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორც ბოლო პერიოდის განმავლობაში, ისე კონკრეტულად ამ წინასაარჩევნო პერიოდში, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან ამ დავალებების შესრულების ფაქტებს. ჩვენ ვნახეთ ბათუმში, კონკრეტული პროვოკაციული, შუღლის გაღვივების მცდელობა, როდესაც აჭარა თითქოს ოკუპირებული ტერიტორიაა. ეს ანტითურქული განწყობების ხელოვნურად გაღვივების მცდელობაა, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ კრემლის ინსტრუქციებს პატრიოტთა ალიანსის მიმართ. აქ სიახლე არც რუსული პროპაგანდაა, არც ის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, და არც ის, რომ პატრიოტთა ალიანსი პრორუსული, სახელმწიფოს მიმართ მტრული ძალაა. აქ საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომელიც ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ პრობლემას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის." – ამბობს ხოშტარია.

ცენტრ დოსიეს მიერ ჩატარებული გამოძიებით ირკვევა, რომ პატრიოტთა ალიანსს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება კრემლთან დაკავშირებული რამდენიმე პირი, რომლებსაც, თავის მხრივ, რუსული სპეცსამსახურების მაღალი თანამდებობის პირები აკონტროლებენ.

ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პოლიტტექნოლოგ სერგეი მიხეევის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილი სამუშაო დოკუმენტი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანიის მომზადებას ეხება. როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, პროექტის მიახლოებითი ღირებულება 700 ათას დოლარს შეადგენს, რაშიც შედის მგზავრობის, ტრანსპორტისა და საცხოვრებელი ხარჯები. 

როგორ ეხმარება კრემლი პატრიოტთა ალიანსს და რა ინსტრუქციებს აძლევს მათ - სრულად წაიკითხეთ აქ.  

29 აგვისტოს აჭარაში პატრიოტთა ალიანსის ბანერები გამოჩნდა. "დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო" - ეწერა პრორუსული პარტიის სარეკლამო ბანერზე. ბანერზე აჭარა მონიშნულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია. პატრიოტთა ალიანსი ოკუპანტად თურქეთს მიიჩნევს.  

გონიოში განთავსებული ბანერი ლელოს აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად ჩამოხსნეს. მოგვიანებით კი ბათუმის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმში განთავსებული პატრიოტთა ალიანსის ორი ბანერი ჩამოხსნეს და უნებართვოდ განთავსებულ რეკლამაზე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. 

პრორუსული პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი კი ამტკიცებს, რომ აჭარაში განთავსებული ბანერი განსხვავდება იმისგან, რომელიც პოლიტსაბჭოზე მიიღეს. ინაშვილი ბანერის "არასწორად შეფერადებას" ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიასა და ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აბრალებს

კომენტარები