ოკუპირებული ცხინვალი

ეხო კავკაზა: ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა

ეხო კავკაზას ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. 

ეხო კავკაზას ცნობით, ამ დროისთვის ე.წ. პარლამენტში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია იმართება. 

ოკუპირებულ ცხინვალში აქცია მოჰყვა ინალ ძაბიევის გარდაცვალებას. კაცი, სავარაუდოდ, ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში, ცემისას მოკლეს.

როგორც ძაბიევის ოჯახი ამბობს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ. ინალ ძაბიევი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული. 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხალხს უთხრა, რომ ე.წ. შს მინისტრი, ნანიევი, გადააყენეს და, მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანატოლი ბიბილოვის თქმით, "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდაცვალების მიზეზი გამოძიებული იყოს." განცხადების მიხედვითვე, იგორ ნანიევი გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს.  

კომენტარები