ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში კაცი, სავარაუდოდ, ცემისას მოკლეს

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებული, ინალ ძაბიევი, სავარაუდოდ, ცემის დროს მოკლეს.  

როგორც ძაბიევის ოჯახი ამბობს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ. ინალ ძაბიევი ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული. 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ხალხს უთხრა, რომ ე.წ. შს მინისტრი, ნანიევი, გადააყენეს და, მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანატოლი ბიბილოვის თქმით, "ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდაცვალების მიზეზი გამოძიებული იყოს." განცხადების მიხედვითვე, იგორ ნანიევი გამოძიების დასრულებამდე გადააყენეს.  

კომენტარები