კომუნიკაციების კომისია

GNCC: ფორმულას საზმაუს საავტორო და მომიჯნავე უფლებები არ დაურღვევია

ფორმულა/ფსკერი

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ტელეკომპანია ფორმულას საზოგადოებრივი მაუწყებლის საავტორო და მომიჯნავე უფლებები არ დაურღვევია.

საქმე ეხება ფორმულას ეთერში განთავსებულ გადაცემას - ფსკერი, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა ახალი დღის ლოგოები და ვიზუალური შეფუთვა უცვლელად გამოიყენეს.

კომუნიკაციების კომისია განმარტავს, რომ ტელეკომპანია ფორმულამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს პაროდიის მიზნით დაადო და ეს ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა. საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ფორმულას მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ახალი დღის ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულას პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

კომენტარები