ჩაკეტილი საზღვრები

ქვრივიშვილი: ფრენები, რომლებიც გვაქვს, ქვეყანაში შეუფერხებლად ჩამოსვლის საშუალებას იძლევა

"იმედს ვიქონიებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მალე შევძლებთ, გავზარდოთ ის სიხშირეები, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი არ იქნება". – ასე უპასუხა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა კითხვას, როდის განაახლებენ ფრენებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Ryanair-ი.

"ეტაპობრივი გახსნის პრინციპიდან გამომდინარე, თქვენ ხედავთ, რომ ყოველთვიურად სხვადასხვა ავიაკომპანიები ემატებიან ჩვენს საჰაერო სივრცეს". – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შეფასებით, Lufthansa-ს, Airfrance-ს და Air Baltic ის რეგულარული ფრენები, ასევე, აირზენას ჩარტერული რეისები "გვაძლევს საშუალებას, რომ "სხვადასხვა ქვეყნების მოგზაურები, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, შეუფერხებლად ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში“.

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1-ელი ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და "მოქალაქეებზე ზრუნვას" ასახელებს.

შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომლებიც აგვისტოდან თბილისის პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში სრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa დაფრინავს კვირაში ორჯერ, პარიზში - Air France-ც კვირაში ორჯერ, რიგაში კი, ავიაკომპანია Air Baltic აქამდე კვირაში ერთხელ დაფრინავდა, ხოლო 20 აგვისტოდან, სიხშირე კვირაში ორი იქნება. გარდა ამისა, აირზენა ევროპის დედაქალაქებიდან ყოველთვიურად ასრულებს თვეში დაახლოებით 15 ჩარტერულ ფრენას. ასევე, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, საქართველოს მთავრობამ ორჯერ დანიშნა რამდენიმე ქალაქიდან სპეციალური რეისები ემიგრანტების გამოსაყვანად. ამ ეტაპზე, მეტი სპეცრეისი აღარ არის დაგეგმილი.

დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა საქართველოს მთავრობა უპირობოდ მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს უშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

კომენტარები