სირია

25 აგვისტოს სირიაში რუსეთის ჯავშანმანქანა ამერიკელი სამხედროების მანქანას დაეჯახა

25 აგვისტოს სირიაში რუსეთის ჯავშანმანქანა ამერიკელი სამხედროების მანქანას დაეჯახა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ ულიოტმა თქვა, რომ შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქალაქ ელ-მალიქიასთან (დერიკი) მოხდა.

"სიტუაციის დეესკალაციისთვის კოალიციის პატრულმა ტერიტორია დატოვა. კოალიციას  აშშ-ს ესკალაცია და ეროვნული სამხედრო ძალების ჩართვა არ სურს, მაგრამ აშშ ყოველთვის დაიტოვებს უფლებას და ვალდებულებას დაიცვას თავი მტრული ქმედებებისგან". – თქვა მან.

Reuteres-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 4 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ რუსული სამხედრო მანქანა, რომელსაც ორი ვერტმფრენი მიჰყვება, სახიფათო მანძილზე უახლოვდება ამერიკულ ჯავშანტექნიკას.

ამ დროისთვის ჩრდილოეთ სირიაში აშშ-ის სამხედრო ძალების 500-მდე წარმომადგენელი რჩება. მათი რაოდენობა მას შემდეგ შემცირდა, რაც გასულ წელს დონალდ ტრამპმა სირიიდან სამხედრო ძალების გამოყვანა დაიწყო. ამერიკელი სამხედროების ნაწილი სირიაში ნავთობის საბადოების დასაცავად დარჩა. ისინი ქურთ მოკავშირეებთან ერთად არიან განლაგებული.

რუსეთი კი თურქეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჩრდილოეთ სირიაში ერთობლივ პატრულირებას აგრძელებს. მიმდინარე თვეს სირიაში რუსი გენერალ-მაიორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მოკვდა. აფეთქებაში დაშავდა კიდევ სამი რუსი სამხედრო. აფეთქება ქალაქ დეირ ელ ზორიდან 15 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ გზის მახლობლად იყო დამონტაჟებული, რომელზეც რუსეთის სამხედროების ავტოკოლონა მოძრაობს.

მანამდე, რამდენიმე დღით ადრე სირიის იდლიბის რეგიონში თავდასხმა მოხდა რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი პატრულირებისას.

ივლისში, ქალაქ არიჰასთან რუსეთისა და თურქეთის სამხედრო ძალების პატრულირების ადგილას დანაღმული მანქანა აფეთქდა. დაშავდა რამდენიმე რუსი სამხედრო.

ალეპოს და ლატაკიის დამაკავშირებელ მაგისტრალზე პატრულირების შესახებ ორი ქვეყნის ლიდერები მარტში შეთანხმდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეთანხმება და რუსეთისა და თურქეთის პატრულირება არაერთხელ გააპროტესტა.

კომენტარები