პატრიოტთა ალიანსი

ე.წ აფხაზური ეკლესია "პატრიოტების" ნაჩუქარ ხატს არ იღებს და უკან აბრუნებს

ირმა ინაშვილი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ეკლესია პატრიოტთა ალიანსის ნაჩუქარ ხატზე უარს ამბობს.

ეკლესია აცხადებს, რომ ხატს უკან აბრუნებს.

"ეს მისია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიის შეუტყობინებლად განხორციელდა. მსგავსი ქმედებები დაუშვებელია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებამდე". – წერია განცხადებაში.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ იყვნენ. ისინი დეფაქტო პრეზიდენტის, ალსან ბჟანიას თანაშემწეს, ლაშა საკანიას შეხვდნენ. ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მათ " ილორის ტაძარში ღვთისშობლის ხატი დააბრძანეს".

აფხაზეთში რამდენიმე არაღიარებული საეკლესიო დაჯგუფება არსებობს, რომლებმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები მიითვისეს. მათ ეპისკოპოსი არ ჰყავთ. ნაწილი ავტოკეფალიის აღიარებას მოსკოვისგან, ნაწილი კი კონსტანტინოპოლისგან მოელის.

მღვდელ ბესარიონ აპლიაას დაჯგუფება, რომლის ეკლესიამაც ნაჩუქარ ხატთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რამდენიმე წლის წინ ავტოკეფალია გამოაცხადა.

ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო იურისდიქციაშია.

კომენტარები