აშშ-ს არჩევნები 2020

ტრამპს სურს ბაიდენთან პირველ დებატებამდე ორივემ ნარკოტესტი ჩაიტაროს

ჯო ბაიდენი / დონალდ ტრამპი
AP

აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, 2020 წლის არჩევნებში მის კონკურენტთან, ჯო ბაიდენთან პირველ დებატებამდე ორივე მათგანმა ნარკოტესტი ჩაიტაროს.

დებატები სექტემბერში უნდა გაიმართოს. ტრამპმა Washington Examiner-თან თქვა, რომ დემოკრატიული პარტიის პრაიმერის დროს ბაიდენის გამოსვლებში უეცარი გაუმჯობესება იგრძნობოდა, თუმცა მას არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რის საფუძველზეც ეჭვობს, რომ ბაიდენი ნარკოტიკებს მოიხმარს.

"ასეთ რამეებში მაგარი ვარ". – ირწმუნება ტრამპი.

ტრამპი ამბობს, რომ დემოკრატიული პარტიის პრაიმერის ფარგლებში გამართული 11 დებატიდან რამდენიმეში ბაიდენის საუბარი თანმიმდევრული და გასაგები არ იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა, განსაკუთრებით კი ბოლო დებატებში, როდესაც დემოკრატიული პარტიის ნომინაციისთვის ბრძოლაში ის და ბერნი სანდერსი დარჩნენ.

"არ ვიცი როგორ შეიძლება ყოფილიყო ასეთი არაკომპეტენტური მისი გამოსვლები და შემდეგ, უეცრად, ბერნის წინააღმდეგ კარგად გამოსულიყო. ის უინსტონ ჩერჩილი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ნორმალური, მოსაწყენი დებატი იყო. არაფერი შესანიშნავი არ მომხდარა. ჩვენ ნარკოტესტს მოვითხოვთ იმიტომ, რომ შეუძლებელია ასე მომხდარიყო". – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა 2016 წლის არჩევნების დროსაც გამოთქვა ეჭვი, რომ მისი კონკურენტი, ჰილარი კლინტონი დებატების წინ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარდა. უკანასკნელი სატელევიზიო დებატების წინ ტრამპმა კლინტონსაც მოუწოდა ჩაეტარებინა ნარკოტესტი, რაზეც მან უარი განაცხადა.

ტრამპსა და ბაიდენს შორის დებატები სამჯერ ჩატარდება - 29 სექტემბერს კლივლენდში, 15 ოქტომბერს მაიამიში და 22 ოქტომბერს ნეშვილში. ტრამპმა დებატების რაოდენობის გაზრდა ითხოვა, მაგრამ საპრეზიდენტო დებატების კომისიამ ამაზე უარი თქვა.

კომენტარები