ბელარუსი

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმების სარჩელი არ დააკმაყოფილა

ABC news

25 აგვისტოს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციონერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ შეტანილი სარჩელი 9 აგვისტოს ჩატარებული ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო.

ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

დღემდე დასტურდება, რომ ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლეს.

ტიხანოვსკაია ამბობს, რომ, თუ ბელარუსში ხელახალი არჩევნები ჩატარდება, კენჭს აღარ იყრის, თუმცა ელის, რომ მისი ქმარი კენჭს იყრის. ტიხნაოვსკაია თავის თავს ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებში ხედავს.

"ამაზე საუბარი ნაადრევია. მთავარი მიზანი ახალი არჩევნებია," - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სვეტლანა ტიხანოვსკაია ამბობდა, რომ მზად იყო, ქვეყანას სათავეში ჩასდგომოდა.

ტიხანოვსკაიამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა დატოვა და კვლავ ლიტვაში იმყოფება. ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბელარუსში დაბრუნებას აპირებს, თუმცა მაშინ, როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ტიხანოვსკაია ამბობს, რომ მთავარ მოთხოვნებად რჩება პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

კომენტარები