პოლიტიკა

ბჟანიას თანაშემწე "პატრიოტების" ვიზიტზე: აფხაზეთში ხატის გადმოსაცემად იყვნენ

ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული პრეზინდეტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე, ლაშა საქანია აფხაზეთში ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის ვიზიტთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. 

საქანიას თქმით, პატრიოტთა ალიანსის ლიდერები აფხაზეთის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად ჩავიდნენ და მათთან პოლიტიკური მოლაპარაკებები არ გამართულა. 

"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ალექსანდრ აგრბას, რომელსაც ვთხოვე, გამყოლოდა არანაირი მოლაპარაკებები არავისთან არ გაგვიმართავს. ეს იყო ღრმად ჰუმანიტარული მისია, რომლის შესახებაც ჩემმა რუსმა მეგობრებმა მომმართეს თხოვნით. შეხვედრას არ ჰქონია არანაირი პოლიტიკური ასპექტი ან შედეგი, ხატის გადმოცემის შემდეგ, მათ ილოცეს და ამით ვიზიტი დასრულდა", - ნათქვამია საქანიას განცხადებაში. 

საქანიას თქმით, ლაპარაკია ღვთისმშობლის ხატზე, რომელიც თარხან-მოურავმა და ინაშვილმა ილორის ტაძარს გადასცეს. საქანიას ცნობით, დავით თარხან-მოურავმა ხატის გადაცემაში დახმარების თხოვნით თავის მეგობრებს მიმართა მოსკოვში და სწორედ მათი შუამავლობით განხორციელდა. 

აქვე საქანია ამატებს, რომ დარწმუნებულია, რომ ხატის გადაცემა "ღვთივსათნო და კეთილშობილი საქმეა." 

თარხან-მოურავისა და ინაშვილის აფხაზეთში გადასვლის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. 

კომენტარები