მამუკა ხაზარაძის საქმე

პროკურატურა: ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა

გენერალური პროკურატურის ცნობით, მუქარის წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო, მისი თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.

უწყების განცხადებით, მათ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს.

"დაქტილოსკოპიური ექსპერტიზებით მოხდა წარმოდგენილ წერილზე თითის ანაბეჭდის კვლების და მათი ვარგისიანობის იდენტიფიცირება, ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება, რაც ერთმანეთს სრულად ემთხვევა.

გიორგი გახარიასაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვალის ნიმუშებს შედარდა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვალი არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას". - აცხადებს პროკურატურა და დასძენს, რომ წერილზე თითის კვლების დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მაშინელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.

მოგვიანებით ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. მისი ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთ-ერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო.

კომენტარები