მამუკა ხაზარაძის საქმე

გახარია: უყურებთ არტარეას? უყურეთ და მიხვდებით, ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ირონიულად ეხმაურება შეკითხვას ე.წ მუქარის წერილზე, რომელიც TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღო.

პროკურატურამ 21 აგვისტოს განაცხადა, რომ წერილზე, რომელიც ხაზარაძემ უწყებაში მიიტანა, გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ არის.

"თქვენ არტარეას უყურებთ? უყურეთ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა არტარეას". – ამბობს გიორგი გახარია.

ე.წ მუქარის წერილში, რომელიც, მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ "არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი".

მოგვიანებით ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. მისი ავტორი ხაზარაძისგან სამი პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთ-ერთი მათგანი კი, "რევანშის" ხსენებით საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო. ხაზარაძემ ასეთი განცხადება მართლაც გააკეთა.

ამ მოვლენების შემდეგ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წავიდა და გაერთიანება ლელო საქართველოსთვის დააფუძნა. პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრისთვის ემზადება.

Artarea TV 2012 წლის მაისში TBC ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა. არტარეა ტვ არის ინტერნეტტელევიზია, რომელიც კულტურას ეხება. ის მოიცავს ხელოვნების სფეროებს, თეატრს, კინოს, მუსიკას, პოპკულტურას, ჯაზს, ლიტერატურასა და თანამედროვე ხელოვნებას.

მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ "რაღაცის შეუსრულებლობის" შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.

კომენტარები