ბელარუსი-რუსეთი

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი მინსკში ჩაფრინდა და უკან მალევე გამოფრინდა

Tupolev Tu-214
Flickr

18 აგვისტოს რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი ბელარუსში, მინსკში ჩაფრინდა და შემდეგ უკან, რუსეთში გამოფრინდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ამ თვითმფრინავით, ჩვეულებრივ, რუსეთის მთავრობის ოფიციალური პირები, მათ შორის, FSB-ს წარმომადგენლები დაფრინავენ. 

Tupolev Tu-214 19 აგვისტოს დილაადრიან მოსკოვში გაფრინდა. 

ვინ ან რა მიზნით ჩაფრინდა რუსული სამთავრობო თვითმფრინავით მინსკში, ჯერჯერობით უცნობია.

ბელარუსში ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, საბჭოს მიზანი ახალი არჩევნების ჩატარებაა.

16 აგვისტოს ბელარუსში, მასშტაბური პროტესტის ფონზე, ქართული სამთავრობო თვითმფრინავით რეისი თბილისი-მინსკი-თბილისი შესრულდა. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 აგვისტოს ბელარუსში საქართველოს ელჩი დააბრუნეს. უწყების განცხადებით, ვალერი კვარაცხელია 6 აგვისტოდან საქართველოში იყო.

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო.

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსში უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ლუკაშენკოს სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მზად არიან დახმარება გაუწიონ კოლექტიური სამხედრო პაქტის ფარგლებში.

მოქალაქეებმა შენიშნეს სამხედრო კოლონაც, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა და მინსკის მიმართულებით გადაადგილდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები 17-21 აგვისტოს ბელარუსისა და ლიტვის სასაზღვრო ოსტროვცის რეგიონში არსებულ პოლიგონებზე ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ბელარუსისადმი რუსეთის სამხედრო დახმარება ქვეყანაში შეჭრა იქნება.

ამავდროულად, 18 აგვისტოს პუტინმა რუსეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა ან ქვეყნის მთავრობაზე ზეწოლა მიუღებელი იქნება.

ამავე დღეს, პუტინი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ელაპარაკა და მასაც განუცხადა, რომ ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება.

კომენტარები